ახალი ამბები
ბორჯომში ცოლის დაჭრაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
20 დეკემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ბორჯომში დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი კაბულაშვილის დასკვნითი პროცესი გაიმართა. წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

პროკურორმა დანაშაულის ჩადენის დღე გაიხსენა და ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა:

„გენდერის ნიშნით, სტერეოტიპული[მამაკაცია ოჯახში უფროსი და ქალი უნდა ემორჩილებოდეს მას] და მესაკუთრეობრივი დამოკიდებულების გამო, ქალს არ ჰქონდა სოციალური ქსელი, მის [მეუღლის] უკითხავად არ ჰქონდა სახლიდან გასვლის უფლება. ბრალდებულმა მეუღლეს დანით 16 ჭრილობა განზრახ მოკვლის მიზნით და განსაკუთრებული სისასტიკით მიაყენა“, -განაცხადა პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა.

მისი თქმით მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე კაბულაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დედასაც. გარდა ამისა, მომხდარ ფაქტს, შეესწრო დაზარალებულის და ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილიც.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებული იყო მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის დროს, ისევ მეუღლეზე ძალადობის გამო, პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

ბრალდებულმა ყველა მტკიცებულება უდავო გახადა: „არ ვიცი რა უნდა ვთქვა დავკარგე კონტროლი, არაფერი მახსოვს, ბოდიშს ვიხდი ჩემი მეუღლისა და შვილების წინაშე“.

მისმა ადვოკატმა პროცესზე მხოლოდ ის ითხოვა, რომ „განაჩენის გამოტანისას სასჯელის ნაწილში მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეღავათი გაეწიათ“.

მოსამართლემ მაია ჯავახიშვილმა წარდგენილ ბრალდებაში გიორგი კაბულაშვილი დამნაშავედ ცნო და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მას თავისუფლების აღკვეთა 19 წლით მიუსაჯა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ ბრალდებული ამ ეტაპზე უცნობია, მისმა ადვოკატმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გიორგი კაბულაშვილთან გასაუბრების შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მცხოვრებმა გიორგი კაბულაშვილმა, მიმდინარე წლის 1-ელ მაისს ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა. იგი სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნული ქმედების გამო, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მას მოგვიანებით ბრალი დაუმძიმდა.



წყარო: სამხრეთის კარიბჭე
Print