ახალი ამბები
სოსო გოგაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა
პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს, ბრალი დაუმძიმა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიზეზი დამატებით გამოკვეთილი გარემოებებია.



პროკურატურის ინფორმაციით, ახალი გარემოებებია:


2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში";
"გატანილი ინფორმაციის ნაწილი გადასცა სხვა პირს" - "მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება";
"ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში".
"ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები შეინახა საკუთარ სახლში, რითიც შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე, ხოლო ინფორმაციის ნაწილი - პერსონალური მონაცემები მისი მონაწილეობით გავრცელდა საჯარო სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - წერია პროკურატურის განცხადებაში.



სოსო გოგაშვილს ამ ეტაპზე ბრალი ედება "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლით:


157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა;
157-ე მუხლის მე-4 ნაწილით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
333-ე მუხლის პირველი ნაწილით - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
320-ე მუხლის პირველი ნაწილით - სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება;
236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.



სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავებამდე მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ფლობდა მოქმედი ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას. დაკავების შემდეგ მან დაიწყო ამ ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების დადანაშაულება სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მისი ყოფილი უფროსი, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, აცხადებენ, რომ გოგაშვილი იტყუება.
Print