სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი.
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ამოიღო.

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში, გ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. ხონში იმავე ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 99 საბრძოლო ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.


Print