სამართალი
პოლიციამ გორში 18 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვა

პოლიციამ გორში 18 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვა.



ცხედარს მდინარე ლიახვის პირას, კომბინატის დასახლებაში მიაგნეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წელს გაუჩინარდა. მაშინ ის 11 წლის იყო. მაშინ იაგო ნებიერიძე დააკავეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე ბერძენიშვილების ავტოფარეხის მშენებლობაზე მუშაობდა, მათ ოჯახთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა და ოჯახიც ენდობოდა.

ბავშვის დაკარგვიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ნებიერიძემ ოჯახს წერილი მისწერა და გამოსასყიდად 20 ათასი დოლარი მოითხოვა.

მტკიცებულებების არარსებობის გამო ნებიერიძეს გატაცების ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.

იაგო ნებიერიძე 2018 წელს 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის გატაცების, ძალადობის და მკვლელობის ბრალდებითაც დააკავეს, გაასამართლეს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე თქვა ნებიერიძემ, რომ ზაქრო ბერძენიშვილის ცხედრის ადგილმდებარეობა იცის. მაშინ პოლიციამ გორის პარკში ძებნა დაიწყო, თუმცა, კვალს ვერ მიაკვლია. 

წყარო: formulanews.ge.

 

Print