სამართალი
საქართველოს პროკურატურამ მეტროსადგურ "ისანში“ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მეტროსადგურ "ისანში“ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.

„პატრულ-ინსპექტორს ნ.ბ.-ს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კ.ბ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ემუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურატურა სასამართლოს ასევე, ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

Print