სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავდედ ცნო
სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა 2017 წელს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს.
მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

“სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, ველოდებით წერილობით როდის გადმოგვეცემა განაჩენი და ამის მიხედვით მოვიქცევით შემდგომ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება”,- განაცხადა დადიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ – გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
Print