სამართალი
შინდისის გმირების საფლავის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 2 პირი, რომლებსაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობა და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ედებათ ბრალი.

მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print