სამართალი
ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ხაშურში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ხაშურში 1986 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ხაშური-სურამის შემოვლითი გზის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა კალიბრის 745 საბრძოლო ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სათადარიგო ნაწილები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.



Print