სამართალი
ბორჯომში დაკავებულ მერიის თანამშრომელთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
ზეგავლენით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ ბორჯომის მერიის თანამშრომელთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. ბრალდებულმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბორჯომის მერიის თანამშრომლის დაკავების შესახებ განცხადება გუშინ, 19 მარტს გაავრცელა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა ფიზიკური პირი, რომ შეეძლო არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც თავის მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელს არ შეუშლიდნენ ფიზიკურ პირს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა ფიზიკურ პირს გამოართვა ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print