სამართალი
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.
"ტვ პირველის" ინფორმაციით,სხეულის დაზიანება მიიღო მათმა ოპერატორმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანდა მათი ჟურნალისტი. ამასთან, "მთავარის არხის" ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, სხვადასხვა დაზიანება მიიღეს "რუსთავი 2-ის", "ფორმულას" და "პოსტივის" წარმომადგენლებმა.

7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა.

Print