ახალი ამბები
ზაზა გახელაძეს ცხინვალში პატიმრობა მიუსაჯეს - სახელმწიფო უწყებების პოზიცია
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, – ინფორმაციას გამოცემა “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

გახელაძე ცხინვალში რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322] გაასამართლეს [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით].

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური(სუს) აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით კეთდება ყველაფერი უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

დე ფაქტო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით პატიმრობის მისჯის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში სუს-ი წერს, რომ:

„ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალში საქართველოს მოქალაქისთვის 12,5 წლით პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. უწყება ამას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციას უწოდებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ სათანადოდ შეაფასონ მორიგი პროვოკაცია.

"საქართველო აამოქმედებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივი ბერკეტს და საკითხს უმაღლეს დონეზე დასვამს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანების უკანონო გატაცებები და უკანონო ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
Print