სამართალი
პლასტიკური ბარათებიდან სხვისი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე 5 პირი დააკავეს
შ.ს.ს.- ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლების გამო დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, 1994 წელს დაბადებული ა.კ., 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ., 1975 წელს დაბადებული კ.მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. დააკავეს. ასევე, დაუსწრებლად პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ.მ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ედებათ ბრალი.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე მ.მ.-მ და ა.კ.-მ უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხებს. უკანონოდ დაუფლებული თანხების განაღდებაში კი მათ მ.მ., კ.მ., თ.პ. და გ.ჯ. ეხმარებოდნენ. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ჯამში, 72 000 ლარი შეადგინა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.



პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ხაშურში სამი პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა

Print