სამართალი
პროკურატურამ დეპუტატ კობა კობალაძის შვილს 5 პირთან ერთად ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ახალგაზრდა ბიჭზე ძალადობის ფაქტზე დეპუტატ კობა კობალაძის შვილის გარდა ბრალდება კიდევ 5 პირს წარუდგინა.
გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ჯამში ბრალდებულია 6 პირი. პროკურატურის ინფორმაციით, გ.ე.-ს 6 პირი შურისძიების მოტივით თავს დაესხა, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ.
სამართალდამცველებმა ექვსი პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.
პროკურატურამ გ.კ. -ს და ს.ქ.- ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. დ.ჟ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, დ.ძ.-ს და დ.კ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ხოლო გ.ბ.-ს 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.
ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, რაც შეეხება ვ.კ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ვინაიდან ის თავს არიდებს გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print