საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი 24 საათში
14:19 / 03.04.2020
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის
შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის
მასშტაბით,
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის
შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3
აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე,
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და
2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე
დააჯარიმა.
1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული
შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად,
თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს.
ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2
ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით
გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის
დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ
შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული,
შესაბამისი ზომები.