ახალი ამბები
როგორ მოვიდნენ თვითმმართველობაში ლევან ლიპარტია და გიორგი გოგიჩაიშვილი
ლევან ლიპარტია უკვე სამი წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია. ლიპარტია მანამდე, საბანკო სივრცეში მუშაობდა და პირველად პოლიტიკაში, 2017 წლიდან გამოჩნდა. ის არის ხალხის მიერ არჩეული პირველი მერი. ლევან ლიპარტია, ხალხის რჩეული 2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გახდა, რის შემდეგაც ქალაქის მერი გახდა.

შეგახსენებთ, 2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს მერობის 6 კანდიდატი იყრიდა. პირველ ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს - ლევან ლიპარტიას 40.35%, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს - ზაზა ჩაჩანიძეს კი 40.15% ჰქონდა მიღებული. მათ შორის 24 ხმა იყო განსხვავება. ამის შემდეგ არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ლიპარტიამ ხმების 55,22 % მიიღო, ჩაჩანიძემ კი 44,78% დააგროვა,ლევან ლიპარტია, 7615-მა ამომრჩეველმა ოთხი წლის ვადით აირჩია.



გიორგი გოგიჩაიშვილი კი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსიდან“ მოხვდა. პოლიტიკაში მოსვლამდე ის კერძო ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. „პატრიოტთა ალიანსი“ ბორჯომის საკრებულოში ხმაურის ფონზე მოვიდა და ასევე ხმაურის ფონზე აირჩიეს 2017 წელს, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ამავე პარტიიდან ზაზა ჩაჩანიძე. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კი მის მოადილედ გიორგი გოგიჩაიშვილი დასახელდა და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. ხმის მიცემის პროცედურაში მაშინ მონაწილეობა არ მიუღიათ მმართველი პარტიის დეპუტატებს.
2017 წლიდან მმართველმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა საკრებულოს. ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, საკრებულოში ქვორუმი არ დგებოდა და დაგეგმილი სხდომები იშლებოდა. ერთი წლის შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე დეპუტატებმა იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, დამსწრე 21 დეპუტატიდან 19-მა მათგანმა მხარი დაუჭირა.
2018 წლის აპრილიდან კი გიორგი გოგიჩაიშვილი (პატრიოტთა ალიანსიდან) საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელს იკავებს. მისი მოადგილე კი „ქართული ოცნებიდან“ ოთარ არბოლიშვილი გახდა. ორივე მათგანი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.




შეგახსენებთ, გუშინ, 28 თებერვალს, ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და სავარაუდოდ დოკუმენტაცია შეამოწმეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).


Print