ახალი ამბები
“ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს” - გოგი წულაია
პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი გოგი წულაია, გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

“ქვეყანაში პოლარიზაცია ძლიერდება. საკითხავია, ვის აწყობს პოლარიზაცია?! რა თქმა უნდა “ქართულ ოცნებას” - ხელისუფლება ჩასვრილია და არ უნდა ყურადღება მძიმე რეალობაზე იყოს გადატანილი... ისე ამათი გამკვირვებია - იმ რესტორანთან რომ მართავენ აქციას, სადაც მერაბიშვილი იმყოფება, მისგან რას მოითხოვენ - თვითონ გამოაცხადოს, სხვა ბევრი დანაშაულიც ჩავიდინე და ციხეში მიმაბრუნეთო?! მერაბიშვილს რომ ყველაფერზე პასუხი არ უგია, ამას ვეთანხმები, მაგრამ ვერ გამიგია ამ პროტესტის არსი. მისი გამოსვლა რომ ვიღაცას გაუხარდა ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიციის ლიდერი მისგან არ გამოვა. ლიდერი არა ტოროლა... თუ პროტესტის გამოხატვაა, ბარემ ივანიშვილი შუშის სასახლესთან მივიდნენ!” - აცხადებს წულაია.

“გეტყვით ვისი და რისი იმედი აქვს “ქართულ ოცნებას” - ეგენი ფსონს თავიანთ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებზე დებენ. მერიების, სსიპების, აიპების, სამინისტროების, დეპარტამენტების მეტი რა არის!
იქ უამრავი ადამიანია დასაქმებული. ქუთაისის საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო დოღია გახსნილი. ხელშეკრულებით ახლებსაც იღებენ, ამით ხელისუფლება საარჩევნო ხმებს იმატებს - ამათ ხელფასებზე ბიუჯეტის ფული იხარჯება, ხმები კი “ოცნებას” უნდა მიუვიდეს. მოსახლეობის დიდი რაოდენობა რომ ნიჰილიზმშია, ხელისუფლება სწორედ ამის იმედაა,ჰგონია იმედგაცრუებულები არჩევნებზე არ მივლენ და არჩევნებზე ოპოზიციას დაამარცხებენ”.

რა გამოდის? “ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს! თვითონ “ოცნებაში” ფულის კეთებაზე არიან გადასული და ამის გარდა არაფერი აღელვებთ. ჩვენ ხელისუფლებაში არც “ოცნება” გვინდა და არც “ნაციონალური მოძრაობა!” 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევის დროს ნაცებმა იმდენი მირტყეს, ბრეტელებიან მაიკაში 2 კვირის განმავლობაში თავი არ მეტეოდა. მე ნაცების დაბრუნება როგორ უნდა მინდოდეს... ჩვენი მოთხოვნაა - ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ყველამ მიიღოს იმ რაოდენობის მანდატი, რამდენი ხმაც აიღო”
Print