პოლიტიკა
პოლიტიკაში ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ - გედევან ფოფხაძე მერაბიშვილზე
თუ ვინმეს უნდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ვანო მერაბიშვილთან ერთად, ასეთ დღის წესრიგს ვერ შექმნის - განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, გედევან ფოფხაძემ.

„თუ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ამოცანა, რომ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყოს და ამ გზით მიაღწიოს სასურველ შედეგს, მისთვის ვანო მერაბიშვილი შეიძლება მშვენიერი მოკავშირე იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ირაკლი ოქრუაშვილი გეყოლება ჯგუფში, ვანო მერაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ავანტურისტი, რომლის ამოცანაც არ არის ქვეყნის დემოკრატიული პროცესი, რომლებსაც უბრალოდ ეს ქვეყანა მიაჩნიათ მეწველ ძროხად, რომელიც სადამდეც იწველება უნდა მოწველო და ბოლოს, როდესაც რძე გაუშრება, დაკლა. ეს არის მათი პოლიტიკური მენტალიტეტი. თუ ამ პოლიტიკური ჯგუფების მთავარი ამოცანა მხოლოდ ის არის, რომ სისხლისღვრის, სამოქალაქო დაპირისპირების, მომავლის იგნორირების თუ ნებისმიერ ფასად მიიღონ პოლიტიკური ხელისუფლება, მაშინ ვანო მერაბიშვილი ასეთი პოლიტიკური წრისთვის პრობლემა საერთოდ არ არის. თუ ვიღაცას უნდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ვანო მერაბიშვილთან ერთად, ასეთ დღის წესრიგს ვერ შექმნის. პოლიტიკაში ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ, ის პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი არ ყოფილა, მას ჰქონდა ქართველ ხალხთან და სახელმწიფოსთან კონკრეტული დანაშაულებები," - ამბობს ფოფხაძე
Print