ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი დღეს გათავისუფლდება
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს. ვანო მერაბიშვილს სასჯელის ვადა ამოეწურა. ის ე.წ. მატროსოვის ციხეში 6 წელი და 9 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს.

თანამოაზრეები და მეგობრები ყოფილ მინისტრს დღეს საპატიმროსთან დაელოდებიან.

ადვოკატზე დაყრდნობით უკვე ცნობილია, რომ პატიმრობიდან გათვისუფლების შემდეგ ვანო მერაბიშვილი პოლიტკური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა დამატებით დეტალებზე მერაბიშვილი თავად ისაუბრებს.

ყოფილ თანაგუნდელს პოლიტიკაში დაბრუნების ნაცვლად „მოგზაურობას და ოჯახით ტკბობას“ ურჩევს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ 2012 წლის არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი მერაბიშვილის შეცომებიც იყო.

ვიხილავთ თუ არა მერაბიშვილს „ევროპული საქართველოს“ რიგებში? ამ კითხვაზე პარტიის წარმომადგენელი, დეპუტატი ოთო კახიძე, რომელიც წარსულში, როგორც ადვოკატი ვანო მერაბიშვილის ინტერესებს იცავდა, ამბობს:

„ის არის ოლიგარქისთვის წინააღმდეგობის გაწევის მაგალითი, რომელიც არსად არ გაქცეულა და ამ წლების განმავლობაში იჯდა სამარტოო საკანში. პოლიტიკაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას თავად გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ის დარჩება პოლიტიკაში. ვანო მერაბიშვილი არის ჩემი მეგობარი. მას მივიჩნევ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად და მენეჯერად. საპატრულო პოლიციის შემქმნელი, მომსახურეობის სააგენტოს და ზოგადად, ერთი ფანჯრის პრინციპის შემქმნელი. ადამიანი, რომელიც წარმატებით შეებრძოლა რუსულ სპეცსამსახურებს და დიდი წვლილი შეიტანა ქურდული სამყაროს დამარცხებაში“, - აღნიშნა ოთო კახიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადების შეფასებას, კახიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ეს ხელის გაშვერის მცდელობაა.

„ჩემი აზრით, ხელის გაშვერა არ არის სწორი საქციელი. ჩემთვის მიუღებელია“, - აღნიშნა კახიძემ.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.


წყარო: prime time
Print