ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 3 დღეში დატოვებს
ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი თითქმის შვიდ წლიანი პატიმრობიდან 20 თებერვალს გათავისუფლდება.

ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს

ადვოკატი აცხადებს, რომ მერაბიშვილი კვლავ დაბრუნდება პოლიტიკაში და ამის შესახებ განცხადებასაც გააკეთებს: „როგორც კი გამოვა იმ დღითვე თავის პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებით, თვითონ გააკეთებს განცხადებას. მე ვიცი, რომ ის აპირებს პოლიტიკურ აქტივობას, მაგრამ რა, როგორ და რანაირად, ამასთან დაკავშირებით თვითინ იტყვის“, - განმარტა გიორგი ჩივიაშვილმა.

მისი თქმით, მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე გაუთვალისწინებელ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან არ ელოდებიან: „ჩვენ ასეთი მოლოდინი არ გვაქვს, ის გამოვა ჩვეულებრივად 20 თებერვალს“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებების წარუდგინეს - მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა 6 წლითა და 9 თვით.

ამჟამად, ყოფილი შს მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვაც, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. აღნიშნულ საქმეზე მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ადვოკატი ამბობს, რომ ეს საქმე მის გათავისუფლებას ხელს არ უშლის: „რაც უნდა მიუსაჯონ, იმაზე მეტს ვერ მიუსჯიან, რაც მოხდილი აქვს. ამ საქმესთან მიმართებაში რელევანტური არ არის“.
Print