პოლიტიკა
სენატი ტრამპს ირანთან ომის წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს
აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს. რეზოლუციას მხარი სენატის 55-მა წევრმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი წავიდა. მომხრეთა შორის 8 "რესპუბლიკელიც" იყო.
მანამდე ტრამპმა სენატი გააფრთხილა, რომ ამ ზომისთვის მწვანე შუქი არ აენთო:
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ საომარი ძალის გამოყენების თაობაზე ამ რეზოლუციას. თუკი ხელებს შემიკრავენ, ირანს დღესასწაული ექნება", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მიუხედავად თეთრი სახლის წინააღმდეგობისა, "დემოკრატი" სენატორის ტიმ კეინის მიერ ინიცირებულმა რეზოლუციამ სენატში ორივე პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა.
რეზოლუციის ინიცირების იდეა აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაღდადში აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანელი მაღალჩინოსანი ყასემ სულეიმანი გარდაიცვალა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა.

Print