Error
პოლიტიკა
ჩიორა თაქთაქიშვილი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს. ის პარტიის მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს,
პირველ რიგში მაწუხებს ის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დამრჩა.
რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში არაფერი შეცვლილა. ახლაც მგონია, რომ ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მონაპოვარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ივანიშვილის ძველი თუ "ბოლო ჟამის" მიმდევრები, ამ რეალობას მაინც ვერაფერს დააკლებენ.
საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც. ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას. მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად, ჩემი კოლეგები ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას.
მაწუხებს ისიც, რომ ბოლო 30 წელია, ერთი და იგივე ადამიანებს ვხედავ ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ჩვენ, ყველას თავს გვახვევენ თამაშის თავიანთ წესებს. წესებს, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, დღეს ერთი პოზიცია გქონდეს, ხვალ სხვა, დღეს ერთ პარტიაში იყო, ხვალ სხვაში, დღეს ერთი ძლიერი მოთამაშისგან ნახო სარგებელი, ხვალ სხვისგან, ოღონდ საპარლამენტო სავარძელი ან სხვა პრივილეგია არ დათმო.
ჩემი დაკვირვებით, ეს თავისთავადი მოცემულობა არაა. დღეს ეს არის არსებული მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკვეთა – შეინარჩუნონ სტატუს კვო, რომ პარტიულ საქმიანობაში გაცილებით უფრო ნაკლებ ახალ და პერსპექტიულ ადამიანს მოუნდეს მისვლა, რადგან მათში კონკურენტებს ხედავენ.
მე კი მგონია, რომ გაცილებით უკეთესია, თუკი, პირობითად, ჩემს მაგივრად, უფრო მეტ ახალ, განათლებულ, კეთილსინდისიერ ადამიანს შეეძლება ახალი, უფრო თანამედროვე და განსხვავებული ხედვა შემოიტანონ, ახალი სტანდარტები დაამკვიდრონ ქართულ პოლიტიკაში და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. ჩემი მხრივ, ძალიან დიდი ძალისხმევა დავხარჯე თქვენთან ერთად, იმაზე, რომ პარტია უფრო გამჭვირვალე და შიდა სამართლიან კონკურენციაზე გამხდარიყო ორიენტირებული, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
მადლიერი ვარ თითოეული თქვენთაგანის, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მგულშემატკივრობდა ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ განხილვებში.
საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი კეთილსინდისიერი და ძლიერი ლიდერი გამოჩნდება სამოქალაქო საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარტიების შიდადემოკრატიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტის დამკვიდებას თავის ღია პოლიტიკურ ამოცანად დაისახავს და წარმატებასაც მიაღწევს!


Print