ახალი ამბები
ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას, პარლამენტში წუთიერი დუმილი მიაგეს
პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერების ფონზე გაიხსნა, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებისთანავე, კანონმდებლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გუშინ, ბაღდადში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო დაღუპულების ხსოვნას.

„მე მინდა პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც შეეწირა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე. ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მე მინდა ყველას გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ტრაგედიის გამო, სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება. სესიას ესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატები, თუმცა, მათაც რეგლამენტით გათვალისწინებულ დროსა და პოლიტიკურ განცხადებებზე უარი თქვეს.

სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული.

შეგახსენებთ, წუხელ ბაღდადში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვის.
Print