ახალი ამბები
„მიშას „ტიტუშკა“, „მონა“, „ჭანჭიკი“ - დაპირისპირება მდინარაძესა და ბოკუჩავას შორის
საკონანმდებლო ორგანოში ხმაურია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით მას მამუკა მდინარაძესთან შეხვედრა ჰქონდა და განმარტებას სთხოვდა რის საფუძველზე არ უშვებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში. აღნიშნული შეხვედრისას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.

როგორც მდინარაძემ ბოკუჩავას განუმარტა, მაჩალიკაშვილი პარლამენტში იმის გამო არ შეუშვეს, რომ პროვოკაციის საფრთხე თავიდან აეცილებინათ. მისივე თქმით, ამის თაობაზე გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.

„ნუ სპეკულირებ, გარდაცლილ ადამიანს შენი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ და ეს არის სამარცხვინო. შენ ხარ მიშას „ტიტუშკა“. თქვენ ხართ პროვოკატორები და უზნეო ხალხი, მიშას მონები“, - მიმართა მდინარაძემ ბოკუჩავას.

თინა ბოკუჩავამ კი, თავის მხრივ, მდინარაძეს „მატყუარა და სამარცხვინო“ უწოდა.

„შენ მანდატს არ იმსახურებ. შენ ხომ არავინ არ ხარ, ჩვეულებრივი ჭანჭიკი ხარ“,-მიმართა თინა ბოკუჩავამ მდინარაძეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მალხაზ მაჩალიკაშვილი და თინა ბოკუჩავა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილი შენობაში არ შეუშვეს.

პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც, რა დროსაც მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
Print