ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ მითხრა, შენ რეიტინგი არ გაქვსო - გედევან ფოფხაძე
ძალიან შეურაცხყოფილად ჩავთვალე თავი, როცა გამომიცხადეს, შენ გუნდისთვის რეიტინგული აღარ ხარო და წყალობად გთავაზობთ სიაში ჩაწერასო, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ეს მისი მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, არასდროს დაავიწყდება.

„პოლიტსაბჭოს სხდომაზე, როცა ჩემს კანდიდატურაზე საუბრობდა, კობახიძემ გამომიცხადა შენ რეიტინგი არ გაქვსო, მე მაშინ პირდაპირ ვუთხარი, თუ რეიტინგი არ მაქვს, არათუ მაჟორიტარად არ უნდა დამაყენო, არც სიაში არ უნდა ჩამწერო-მეთქი. თუ მაჟორიტარად არ მაყენებთ, სიაში ჩაწერაზე უარს ვაცხადებ-მეთქი. ვერაფერს ვერ მეტყოდა, ჩემმა თანაგუნდელებმა ისეთი სოლიდარობა გამომიცხადეს ეკას თამადობით, ეკამ პირდაპირ თქვა, თუ გედის პრობლემები ექნება, როგორც მაჟორიტარს, ჩემს მანდატს დავდებ და მეც გავალო. პოლიტსაბჭოში რაღაც გვეკითხებოდა იმ ეტაპზე. ეს პოლიტსაბჭოს სხდომა არასოდეს დამავიწყდება, იმიტომ რომ ძალიან შეურაცხყოფილად ჩავთვალე ჩემი თავი, როცა გამომიცხადეს, შენ გუნდისთვის რეიტინგული აღარ ხარო და წყალობად გთავაზობთ სიაში ჩაწერასო.

მე მას არ ვურჩევ ფსონების დადებას, ნიძლავები არ დადოს, თორემ გაიყიდება. თუ ის ნიძლავების დადებას დაიწყებს პროცენტებზე, კობახიძეს ძალიან სერიოზული ხარჯების გაწევა მოუწევს. როცა მას ხმები დაუთვლია, ვერასდროს გაურტყია. ხუთჯერ, თუ ექვსჯერ ვთხოვე ერთ-ერთ კანონპროექტზე სარეიტინგო კენჭისყრა ჩაატარე, ვარდება და ნუ გაიტან, იმიტომ რომ არ ვაძლევთ ხმას-მეთქი. როცა ას კაცში ვერ დაითვლი რამდენი გაძლევს ხმას, ასეთ ადამიანს მილიონების დათვლა აღარ უნდა თხოვო და საარჩევნო შტაბის უფროსად არ უნდა დანიშნო, იმიტომ რომ ის კანონპროექტი ჩავარდა. კობახიძე სტატისტიკაში არის პელე, გამოცნობაში და პროცენტების დადებაში არის პელე“, - განაცხადა ფოფხაძემ.
Print