ახალი ამბები
პოლიტიკოსები ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და "ქართულ ოცნებაში" მეორედ მოსვლას პოლიტიკოსები აფასებენ.

გიორგი კვირიკაშვილი - "დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს პარტიის ახალ თავმჯდომარედ. ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის"

ირაკლი კობახიძე - "ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი - საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი პარტიას ჩაუდგება სათავეში და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება, ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში"

გედევან ფოფხაძე - "ეს გადაწყვეტილება არის სწორი. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენ წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს, გააჩნია"

დავით ბერძენიშვილი
- "ივანიშვილი ბრეჟნევის სტილს მიუბრუნდა. თავისთავად, ეს გაჭირვების მაჩვენებელია. მას 2015 წელს ნათქვამი აქვს, რომ რაღაც უბედურება უნდა მოხდეს მე რომ ხელისუფლებაში დავბრუნდეო. მეორედ მოსვლას შევადარებდი ამასო და აი, მოხდა მისთვის მეორედ მოსვლა"

კახა კალაძე - "პრემიერ-მინისტრს არაერთხელ ჰქონდა საუბარი და შეთავაზება მის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი - წაადგება ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობას, გაძლიერდება პარტიის როლი და ასე შემდეგ. რაც შეეხება პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, ის არის პრემიერ-მინისტრი და გააგრძელებს თავის საქმიანობას"

გია ხუხაშვილი - "მე არ ვფიქრობ, რომ ის იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. მთავარი იყო მას მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში. ამ ვითარებაში, მისი პარტიის თავმჯდომარეობა საკმარისია და მისი პრეზიდენტობა ახალ კონსტიტუციურ მოდელში სრულიად არ არის აუცილებელი. მთავარია, რომ მან რეინტეგრაცია პოლიტიკაში მოახდინა და დისციპლინა აღდგება. მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე მისი პრემიერობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ის თვლის, პარტიის თავმჯდომარეობა წესრიგის აღსადგენად სავსებით საკმარისია"

შეგახსენებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადება დღეს გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" უხელმძღვანელებს.
Print