პოლიტიკა
საქართველოს 2-3 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები ეწვევიან
საქართველოს 2-3 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ვიზიტი შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა მიაწოდა.
უილიამ ლაჰიუს თქმით, დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ ქვეყნაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები ბოლოს 2013 წელს იმყოფებოდნენ.
უილიამ ლაჰიუმ, მედიასთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ღონისძიებებზე. სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გარდა, 1-4 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მარიეტ შურმანი ეწვევა. მაისში კი თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩამოვა. 3 აპრილს ნატო-ს კვირეული დაიწყება და 11 აპრილს დიპლომატიური ფორმით დასრულდება.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა ჟურნალისტებს 2017 წლის ნატო-ს დღის წესრიგიც გააცნო. მაისის ბოლოს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება.
მიმდინარე წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაზე პატრულირებისთვის საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს. მულტიეროვნულ ძალებს შავ ზღვაზე რუმინეთი წარუძღვება.
სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თავდაცვის სამინსტრომაც. უწყების განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ საქართველოში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს.
სამხედრო კომიტეტი ნატო-ს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.

Print