ახალი ამბები
"შეგახსენებთ საჯარო დაპირებას კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ - ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მიმართავს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მიმართავს და გასულ წელს, საჯაროდ გაცემულ დაპირებას ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ ახსენებს.

„ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს.

გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“,
- ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებაში.


საქართველოს პარლამენტს ამერიკელი სენატორებიც მოუწოდებენ უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე. რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინი, საქართველოს ტრანსატლანტიკური და ევროპული მომავლის დამაზიანებლად მიიჩნევენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განზრახვას, მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.


შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
Print