პოლიტიკა
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს - ოჯახური ღირებულებების დაცვა თუ დისკრიმინაცია?
ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს კანონპროექტი "ოჯახური ღირებულებებისა" და "არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ. ამისთვის ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ემზადებიან.

კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:

მუხლი 1.

1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისადა ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

მუხლი 2 – ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი – „3. ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად, დღემდე, ამ დრომდე არც ერთი მსგავსი ინიციატივა არავის მხრიდან არ გახმოვანებულა, პირიქით, ვნახეთ წინასწარი მზადებებიც კი ჯერ კიდევ დაუწერელი ინიციატივის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.

ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ახლო მომავალში, ჩვენ, ასევე, დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს"
- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრი მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე - პროცესში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, არავის მისცემენ საშუალებას, რომ ბავშვები პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ.

“ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში. ჩავერთვებით იმიტომ, რომ პროპაგანდა არ გახდეს ამ საკითხის ყველაზე დიდი პროპაგანდისტის - “ქართული ოცნების” (ეს ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ჩანს) პოლიტიკური იარაღი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე. უბრალოდ, რომ “დაგუგლოთ” “ლგბტ პროპაგანდა”, სიის დასაწყისში შეგხვდებათ მამუკა მდინარაძე, როგორც ამ საკითხის მთავარი პროპაგანდისტი. ამიტომ, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას პროცესში ჩართვის გზითაც, რომ ბავშვები გამოიყენოს პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
Print