ახალი ამბები
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს - IRI
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის 89% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათგან 75% საქართველოს ევროინტეგრაციას "სრულად", ხოლო 14% "ნაწილობრივ" უჭერს მხარს.

გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5% ეწინააღმდეგება "მკვეთრად" ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამასთან, საკვლევ კითხვაზე, "რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - "ეკონომიკის გაძლიერება".

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) "პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

კვლევის მიხედვით, გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერების რიცხვიც (80%). გამოკითხულთა 65% "სრულად" უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი - "ნაწილობრივ".

IRI-ის გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეებთან. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაოები კი ჩაატარა IPM-მა.

კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი იყო 63 პროცენტი.
Print