ახალი ამბები
რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა (გათხოვნა) და როგორია პროცედურა - საია
რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა (გათხოვნა) და როგორია პროცედურა? როდის ჩაითვლება კანონპროექტი უარყოფილად პარლამენტის მიერ? - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებისთვის პროცედურებს განმარტავს.

"პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, კანონპროექტზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ პარლამენტს პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით კენჭისყრის დროს კანონპროექტისთვის ხმის არმიცემით. ამასთან, კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საჭიროა გავიდეს 1 თვე, რომლის განმავლობაშიც ის კენჭისყრაზე განმეორებით არ დადგება. რეგლამენტის მიხედვით, ამ შემთხვევაში კანონპროექტი უარყოფილად ჩაითვლება. რაც შეეხება, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს (ე.წ. ამერიკულ ვერსიას), მისი გაწვევა ინიციატორებს შეუძლიათ, ვინაიდან ის პირველი მოსმენით ჯერ არ მიუღია პარლამენტს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ინიციატორებს კანონპროექტის გამოთხოვა შეუძლიათ მხოლოდ პირველი მოსმენით მიღებამდე ე.ი. მანამ, სანამ პარლამენტი იდეის დონეზე მას მხარს დაუჭერს. ამისთვის საჭიროა ყველა ინიციატორის სათანადო მოტივირებული წერილი. ის რეგისტრირდება საორგანიზაციო დეპარტამენტში, რომელიც მას შეიტანს პარლამენტის ბიუროს დღის წესრიგში. რა არის შემდეგი ნაბიჯები? პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე უარის თქმის მიზნით, პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, 13 მარტის კვირაში ეს კანონპროექტი გაიტანოს წამყვან (იურიდიულ) კომიტეტზე მეორე მოსმენით განსახილველად.

პროცესის დაჩქარებისთვის, შესაძლებელია იმავე კვირაში, პარლამენტის თავმჯდომარის ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგენით, პრეზიდენტმა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. სხდომაზე დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან კანონპროექტს. კანონპროექტმა არ უნდა დააგროვოს მის მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა - დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არა ნაკლებ სრული შემადგენლობის 50-ისა"
-  საია.
Print