პოლიტიკა
ორივე კანონპროექტს "აგენტების" შესახებ მხარი ორმა კომიტეტმა დაუჭირა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების გაერთიანება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ მხარი დაუჭირა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცა განსახილველად. პირველი მათგანი თავად "ხალხის ძალის" მიერ შექმნილი კანონია, მეორე კი ამერიკული კანონის ქართული თარგმანი, რომელიც შტატებში ლობისტური საქმიანობის კონტროლისთვის შეიქმნა გასული საუკუნის 30-იან წლებში.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მონაწილეობა არ მიეცა ჩართულიყვნენ საკომიტეტო განხილვებში, ისინი კი, ვინც დარბაზში მოხვდნენ, თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნეები ხდებოდნენ დეპუტატების მხრიდან კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისას.

"ძალიან მძიმე შესაჯამებელია, რაც დღეს აქ მოხდა, როდესაც ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ის იქცევიან, რომ არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როდესაც ასეთი პარლამენტის წევრები გყავს, საერთოდ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ მადლობა უნდა ვუთხრათ, ასე ვთქვათ, ჩვენს თანადედამიწელებს.

მათი [ოპოზიციის] ქმედება სამარცხვინოა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანას აქვს კანონები და ამ ქვეყანას ჰყავს არჩეული პარლამენტი და ვერავინ, მით უმეტეს, მათნაირი უვიცები და უინტელექტო ადამიანები, ვერავინ ვერასდროს შეძლებს, რომ კომიტეტის სხდომა ჩაშალოს, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელოს პარლამენტში. ეს არის გამორიცხული,"
- განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულებისას.

საკომიტეტო განხილვის პარალელურად სპონტანურად დაგეგმილი აქცია გაიმართა პარლამენტის მიმდებარედაც. შეკრებილი აქციის მონაწილეებიდან რამდენიმე პოლიციამ დააკავა.

„ხალხის ძალამ“ პირველი კანონპროექტი 14 თებერვალს დააინიცირა. დოკუმენტის მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. კანონპროექტს მხარს „ქართული ოცნების“ დეპუტატები უჭერენ.

მმართველი გუნდის დეპუტატების განმარტებით, ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით დაამტკიცებენ, შემდეგ გადააგზავნიან ვენეციის კომისიაში, დაელოდებიან უცხოელი ექსპერტების პოზიციას, საბოლოოდ ერთ–ერთ კანონს მიიღებენ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს, შვედეთის, ნორვეგიის, ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან დღემდე არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი კანონის მიღება საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს საფრთხეს შეუქმნის და შეაფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი მოუწოდებენ ინიციატორებსა და მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს.



Print