ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს არ მიიღოს კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ
„ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული
„უცხოური გავლენების აგენტების“ კანონპროექტს, ევროკავშირის უმაღლესი
წარმომადგენლობა კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა.
განცხადებაში ნათლად არის აღნიშნული, რომ კანონის მიღებით
ევროკავშირის 12 პუნქტიდან ორის შესრულება სერიოზული კითხვის ნიშნის
ქვეშ დადგება.
გთავაზობთ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში
ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადებას უცვლელად:
„შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და
შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის
საფუძველს წარმოადგენს. ის ასევე არსებითია ევროკავშირში
გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ #7
პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და #10
პრიორიტეტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების
განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს
განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც
ეს საქართველოს კონსტიტუციაში არის გაცხადებული. კანონპროექტის მიღება
შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ
რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების
გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი
უმრავლესობა უჭერს მხარს",-წერია განცხადებაში.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის
სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს „კვლევა“. უცხოური
გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის
არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის
ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის
ჯარიმები:
იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის
ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი
ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების
შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
ინიცირებულ კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ქვეყნის
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ
"ხალხის ძალას" ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც "რუსეთის მანკიერ
მოდელს გვაახლოებს", მხარს არ დაუჭერს.