ახალი ამბები
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა საპარლამენტო საქმიანობას შეწყვიტეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და ყოველდღიური პროტესტის რეჟიმში გადადის.

აღნიშნული განცხადება ენმ–ს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა. გუშინ, 6 თებერვალს მოსამართლემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება, ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს. ხვალიდან [7 თებერვლიდან] „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. მე მივმართავ ყველა რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს, ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე დაიგეგმება მათთან ერთად რეგიონებსა და რაიონებში აქტივობები. მესამე და მნიშვნელოვანი, „ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ასევე ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს – ელჩებთან, და ამ კომუნიკაციის დამყარება უკვე დაწყებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე, რეჟიმზე, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის“,- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს. აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი შეეცდებიან კოორდინაციას და საერთო სამოქმედო გეგმაზე მუშაობას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი სამოქმედო გეგმა არ იქნება, „იტოვებენ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლიან, ის გააკეთონ“.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა ერთიანი სამოქმედო გეგმა, კოორდინაცია მაინც ოპოზიციურ პარტიებს შორის, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ ახლა რა მოცემულობაც არის, გადავდგამთ ამ ნაბიჯს, რომ შევწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას და შევეცდებით საერთო სამოქმედო გეგმა იყოს. თუ ასეთი გეგმა ვერ ვნახეთ, ვიტოვებთ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩავთვლით, ის გავაკეთოთ,"- განაცხადა მანჯგალაძემ.



Print