პოლიტიკა
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო.

პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.

„ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მოვუწოდებ, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე საზოგადოებას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპრტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება.
Print