ახალი ამბები
"სანქციები კი არ უნდა დავუწესოთ, ბიძინა ივანიშვილს დილას, შუადღეს და საღამოს მადლობა უნდა ვუხადოთ" - ზურაბ ხაჩიძე
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება. მისი განცხადებით, ივანიშვილი არის ქვეყნის სიმშვიდის გარანტი და ამისთვის დილას, საღამოს და შუადღეს მადლობა უნდა ვუხადოთ. თუ ივანიშვილს დასჭირდება, მის დასაცავად მთელი ქვეყანა გამოვა. ამის შესახებ ხაჩიძემ "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში ისაუბრა.


"მე ვფიქრობ, სანქციები კი არ უნდა დავუწესოთ ბიძინა ივანიშვილს, არამედ დილას, საღამოს და შუადღეს, ყოველდღე მადლობა უნდა ვუხადოთ, იმიტომ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენს ქვეყანაში არის სიმშვიდის გარანტი, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა ვერ აიტანს კიდევ ომს, ოკუპირებას, ქაოსს დააშ. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეტყვით არ დაჭირდეს ბიძინა ივანიშვილს, თორემ მთელი ქვეყანა გამოვა მის დასაცავად.


იმიტომ, რომ ის ორმაგი სტანდარტები, მათი ხრიდან მიდგომები ის, რომ უკრაინაში ვიღაცებს რაღაცების უფლება აქვს და ახლა ომში იმყოფება, უბრალოდ ზედმეტს აღარ ვიპალარაკებ არაფერს უკრაინაზე,იქ ყველაფრის უფლება აქვს ოლიგარქებს და აქ კაცი რომელიც ამდენი წელია, მათ შორის ნაციონალების და შევარდნაძის დროიდან და უფრო ადრე, ხალხს გვერდში უდგას, ამდენ ქველმოქმედებას ახორციელებს, ამ ადამიანს უწესებს ვინმე გარედან სანქციებს?! არ დაჭირდეს ბიძინა ივანიშვილს თორემ აგერ პირდაპირ გეუბნებით, მე კარგად ვიცი, საზოგადოების ყველა ფენაში მიწევს შეხვედრები, მეგობრებიც მყავს, მთელი ქვეყანა გამოვა მის დასაცავად. მე მგონია რომ არ დასჭირდება.


თუ გადავხედავთ ყველანაირი მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკა, სასამართლო, ბიზნესის განვითარება, სიტყვის თავისუფლება, ჩვენ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. ძალიან სამწუხაროა, რომ კანდიდატის და არა სრულუფლებიანი წევრის საკითხზე ამდენი პალარაკი მიდის ევროსაბჭოზე და იქვე მიხელ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად ტოვებენ" ,
– განაცხადა ზურა ხაძიძემ.


შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესების საკითხი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას ქვეყანაში პრესის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო აკრიტიკებს, ევროკავშირის ინსტიტუტებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მუშაობისკენ მოუწოდებს (ნაცვლად პირდაპირ კანდიდატობის მიცემაზე მოწოდებისა). ამასთან, დოკუმენტი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.


Print