ახალი ამბები
პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომზე
"იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია ვიყოთ ერთიანი, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლთ და ვერ შემოვიერთებთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა, თუ ცხინვალში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აგვისტოს ომი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებით დასრულდა, გამარჯვება არ არის, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპისკენ აღებული გეზი უფრო ძლიერია.

„მინდა სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში, ეს არის მნიშვნელოვანი დღეები და ბრძოლები, რომელიც დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა, დემოკრატია და გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი. უნდა ვიზრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე, ისინი არ უნდა დავივიწყოთ და შევეგუოთ ამ მდგომარეობას. ამისთვის უნდა დავივიწყოთ, ის ბოღმა და სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ. ამ ქვეყანაში არავინ არ არის ახალი ომის, ან მეორე ფრონტის მომხრე, მე ეს თემები არ მესმის, ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს და იყოს დამოუკიდებელი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.



"ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით წერს.



"14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ. ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.


ცნობისთვის, აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად, საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი. ბორჯომში, კერძოდ, დაბა-წაღვერის ტყეში გადაიწვა 1000 ჰექტრამდე ტყის ფართობი.




Print