ახალი ამბები
„ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი“ — კობახიძე რუსებისთვის ვიზების დაწესებაზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ „ლელოს“ ინიციატივის შეფასებისას თქვა, რომ ადგილი აქვს „მიზანმიმართულ, ქსენოფობიური კამპანიას, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო“.

„არავითარ ნორმებში და სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ. საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის. ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის, ერთ-ერთმა ტელევიზიამ თქვა, რომ რუსები საქართველოს მოსახლოების 10%-ს შეადგენენ.

„რეალურად 1%-იც არ იქნება. ჯამში რაც შემოვიდა (გასვლებიანად), არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც სიცრუეზე არის დაფუძნებული. წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის მერე შემოიღო უვიზო რეჟიმი და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები დავაწესოთ, სანქციები დავაწესოთ და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი“, - დასძინა კობახიძემ.

პოლიტიკური პარტია „ლელო“ ხელისუფლებას მიმართავს 3 ინიციატივით: რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ:


ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი.
შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი.
შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.



რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალხმრივად 2012 წლის მარტში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედებული უვიზო რეჟიმის გადახედვა რუსეთ-უკრაინის ომის გამო ირაციონალურია.
Print