ახალი ამბები
"მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ" - საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე განსახილველად მიიღო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს მთავრობის სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ (საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ). სასამართლოს გადაწყვეტილება 24 ივნისს გამოცხადდა, საქმეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობა, ცხრა მოსამართლე განიხილავს.

საქმე ეხება დავას, რომლის საგანიც „საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობაა.“


ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც საქმის წარმოებაში მიღებას მოსამართლეები ასაბუთებენ, ის არის, რომ ამ დრომდე მსგავსი სარჩელი მათ არ განუხილავთ:

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების თაობაზე".

გარდა ამისა, მოსამართლეთა შემადგენლობა მიიჩნევს, რომ იმ საკითხის გასარკვევად, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, საჭიროა უფლებამოსილებათა ფარგლების დადგენა.

ის, რომ საქართველოს მთავრობას უფლებამოსილების გამიჯვნაზე პრეზიდენტთან პრობლემები ჰქონდა, ცნობილი 2022 წლის მარტში გახდა. ამ საკითხზე საუბარი საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დაიწყეს. მაშინ საუბარი იყო, რომ პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციის იმ მუხლს, რომლითაც მას საერთაშორისო ვიზიტებისთვის მთავრობის თანხმობა სჭირდება.

ამ საქმის განსახილველად ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართა, პრეზიდენტმა იმავე მოხსენებაში აღნიშნა, რომ უარის მიღების შემდეგ, საქმიანი ვიზიტები პირადი შეხვედრებით შეცვალა. მოგვიანებით მმართველმა პარტიამ შეიმუშავა და პარლამენტმა მიიღო ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდა ელჩების დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტის უფლებამოსილების დასადგენად სასამართლოსთვის მიმართვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისს მიმართა.

სარჩელის თანახმად, მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან და მისი წერილობითი უარიდან თვალნათლივ ჩანს, რომ პრეზიდენტი მოქმედებდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რაც სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, იჭრება მთავრობის უფლებამოსილებაში, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
Print