გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა - აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა
თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე
აქციაზე „შინ ევროპისკენ“, ახალი სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ"
წარმომადგენელმა
შოთა დიღმელაშვილმა საზოგადოებას მთავარი მოთხოვნები გააცნო. ესენია:
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით
მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც თორმეტივე პუნქტს შეასრულებს,
რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებშია.
„ჩვენ წარმოგიდგენთ მოთხოვნას, ეს არის ქართველი ხალხის
მოთხოვნა, დათქმა, პირობა, ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი
ღარიბაშვილი!
ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც თორმეტივე პუნქტს
შეასრულებს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებშია“, -
განაცხადა დიღმელაშვილმა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ.
„ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა,
იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს
მეორე პირობაც, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ
იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი ვიდრე
ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას“, -
თქვა შოთა დიღმელაშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, ქართველი ხალხის ნება არის
ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც არ ემთხვევა „ოლიგარქის ნებას“. ამიტომ,
როგორც მან თქვა, „დეოლიგარქიზაცია“ არის მთავარი საკითხი, რის
გარეშეც ვერ მოხერხდება ევროინტეგრაცია და ეს არის საკითხი, რომელიც
აუცილებლად უნდა მოგვარდეს.