ახალი ამბები
"შინ ევროპისკენ" - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს.
დღეს, 20 ივნისს, აქცია „გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე იმართება. მისი მიზანი ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა. აქცია თბილისის პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებშიც. 


თავდაპირველად, პარლამენტის შენობის წინ საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები მოიტანეს. რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.


შეკრებას შეუერთდნენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტები. „სირცხვილიას" ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს მიმართავენ ევროპელი პოლიტიკოსები. აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში მოქმედი კომპანიების ნაწილმა. აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.



ცნობისთვის, 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".



17 ივნისს კი, ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.






Print