პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ილია დარჩიაშვილმა შეცვალა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება. ის ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის თქვენს გუნდში. თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ“-განაცხადა დარჩიაშვილმა.




Print