ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა
უკრაინაში ომსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს"
, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. ვიდეომიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.




Print