პოლიტიკა
„მე მინდა ხელი მოვაწერო პეტიციას საქართველოს ევროკავშირში მიღებაზე"-მიხეილ სააკაშვილი
როგორ შეიძლება ომი მიხაროდეს საქართველოში, მაგრამ როდესაც ღირსებასა და ომს შორის ირჩევ უღირსობას - მიიღებ უღირსობასაც და მიიღებ ომსაც - სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ უკრაინა არ დაეცემა.

„მე მინდა ხელი მოვაწერო პეტიციას საქართველოს ევროკავშირში მიღებაზე. ვიღაცები იძახიან, რომ ჩვენ გვსურს საქართველოში ომი და მე მიხარია უკრაინაში ომი. მე მინდა ვუთხრა იმ იდიოტებს, ვინც ამას ლაპარაკობს - მე თქვენგან განსხვავებით საქართველოში არაფერი შემიძენია, თუ არ ჩავთვლით ყვარელში. მე პირველად კიევში ავიშენე სახლი, ჩემი გემოვნებით მოწყობილი და ეს არის ჩემი სახლი და რანაირად შეიძლება მიხაროდეს ომი, რომ რუსი სამხედროები მივიდნენ და ჩემს საწოლში ჩაწვნენ და ჩემს სახლში ჩამისახლდნენ. როგორ შეიძლება ეს ომი უხაროდეს ვინმეს და მითუმეტეს მე. როგორ შეიძლება ომი მიხაროდეს საქართველოში, მაგრამ როდესაც ღირსებასა და ომს შორის ირჩევ უღირსობას, მიიღებ უღირსობასაც და მიიღებ ომს. ის, რომ მე ტყვედ ვარ აყვანილი საქართველოში, რამდენად ზრდის საქართველოზე რუსეთის მიერ დარტყმის ალბათობებს, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან არასდროს შემშლია ჩემი პროგნოზი. სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა მე ვიყავი ნომერ პირველი მტერი პუტინის რეგიონში, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს. როგორ შეიძლება მე მიხაროდეს ომი, როდესაც პირველი, რაც დაიბომბა ოდესის ოლქში, არის ჩემს მიერ აშენებული გზა რამდენიმე ადგილზე, სიყვარულით და რუდუნებით აშენებული უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც ევროკავშირთან აერთებს უკრაინას.

ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ ომი უკრაინაში და ავიცილოთ იგი საქართველოში. მე მინდა გითხრა, რომ შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების, ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო:www.interpressnews.ge
Print