ახალი ამბები
"ოპოზიცია უკრაინის საკითხს იყენებს" - შალვა პაპუაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სხდომას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენების გამო არ დაესწრება.

მისი თქმით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ფრაქცია არ დაესწრება ამ სხდომას და მიზეზები ახსნა.

„ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. გვესმის დეზინფორმაციის მთელი ტალღა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოდის, უკრაინასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მათ შორის, რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც ადასტურებს იმას, რომ ცდილობენ უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ეს არის მთავარი არსი „ქართული ოცნების“ ფრაქციის განცხადების, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება და სწორედაც, რომ არასწორი სოლიდარობაა უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის თემის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენება. უკრაინის საკითხი, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ.

ჩვენ გუშინ ვისმენდით, მათ შორის რიგგარეშე სხდომის ინიციატორების მხრიდან, რომ თითქოს, მათი სურვილი იყო პარლამენტში ერთობის დაფიქსირება. ამავე დროს გუშინვე ვისმენდით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც კვლავ აჩვენებს ფარისევლობას. ის აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება და როგორც პუტინი დამარცხდება უკრაინაში, იმავე მომენტში უნდა დამარცხდეს საქართველოს ხელისუფლებაც და ა.შ.

არანაირი ერთობის სურვილი, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ, ეს არის, მათ შორის, უღირსი მცდელობა, რომ უკრაინის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება უკრაინის უსაფრთხოებას და ამავე დროს, საქართველოს უსაფრთხოებას, აქციონ ყოველდღიური მერკანტილური პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილად. ამის დაშვებას ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ აპირებს,“
- განაცხადა პაპუაშვილმა.
Print