ახალი ამბები
„საკითხი სიღრმისეულად არ ვიცი“ - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ბაკურიანის ტყის თემაზე
„საკითხს სიღრმისეულად არ ვიცნობ, გავერკვევი იურიდიულად და შემდეგ გავცემ პასუხს ყველას, ვისაც ინტერესი გააჩნია. ასევე მოიქცევა ჩვენი გუნდის ყველა წევრი.“ - განაცხადა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა.

დღეს ბორჯომის საკრებულს სხდომაზე ხმაური იყო. სხდომას ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი დაესწრნენ. ისინი საკრებულოს თავმჯდომარისგან და დეპუტატებისგან დოკუმენტზე ხელმოწერას ითხოვდნენ.

დოკუმენტით ბაკურიანში, პრემიერ მინისტრის მეუღლისთვის ტყის ფართობის იჯარით გადაცემის ფაქტს აპროტესტებენ და ტერიტორიის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვენ.

დოკუმენტზე საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ზაალიშვილმა ხელი არ მოაწერა.

„ნაციონალური მოძრაობის წევრებს ჰქონდათ მცდელობა ჩაშლილიყო დღეს საკრებულოს სხდომა, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცი და ბოლოს კუდი მოიქნიეს.“ - დავით ზაალიშვილი.


დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გასული წლის დეკემბერში გადაეცა.
სახელმწიფო ქონების გადაცემა განხორციელდა ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე. ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება კი საჯარო რეესტრმა 28 დეკემბერს დაარეგისტრირა.
დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ჯერჯერობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის ტყის ფონდში ირიცხება. მის მომიჯნავედ კი ნუნუ თამაზაშვილი ცალკე 1 530 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსაც ფლობს საკუთრებაში. ეს ნაკვეთი კი სასოფლო- სამეურნეო [საკარმიდამო] დანიშნულებისაა.
ეს საკარმიდამო ნაკვეთი თამაზაშვილს, დოკუმენტების მიხედვით, ორ ნაწილად, 2017 და 2019 წლებში აქვს ნაყიდი კერძო პირებისგან და შემდეგ, გაერთიანებული ერთ ნაკვეთად .


Print