პოლიტიკა
ამ წუთებში ბორჯომის საკრებულოში ხმაურია, შენობაში ნაც. მოძრაობის ლიდერები იმყოფებიან
ბორჯომის საკრებულოში ამ წუთებში ხმაურია, საკრებულოს გეგმიურ სხდომას, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ესწრებიან. ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი ბაკურიანში პრემიერის მეუღლისთვის, იჯარით გადაცემული მიწის უკან დაბრუნებას ითხოვენ. ოპოზიცია ტყის ფართობის ხალხისთვის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

ისინი დოკუმენტზე ხელის მოწერას ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისგან, დავით ზაალიშვილისგან ითხოვენ.



დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გასული წლის დეკემბერში გადაეცა.

სახელმწიფო ქონების გადაცემა განხორციელდა ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე. ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება კი საჯარო რეესტრმა 28 დეკემბერს დაარეგისტრირა.

დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ჯერჯერობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის ტყის ფონდში ირიცხება. მის მომიჯნავედ კი ნუნუ თამაზაშვილი ცალკე 1 530 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსაც ფლობს საკუთრებაში. ეს ნაკვეთი კი სასოფლო- სამეურნეო [საკარმიდამო] დანიშნულებისაა.

ეს საკარმიდამო ნაკვეთი თამაზაშვილს, დოკუმენტების მიხედვით, ორ ნაწილად, 2017 და 2019 წლებში აქვს ნაყიდი კერძო პირებისგან და შემდეგ, გაერთიანებული ერთ ნაკვეთად .




Print