ახალი ამბები
"ქართული ოცნება" - 24%, "ნაციონალური მოძრაობა" - 9% - NDI-ს კვლევა
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, არ ჰყავს ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ასეთი გამოკითხულთა 58 პროცენტი იყო. კვლევა 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.

გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი "ქართულ ოცნებას" აქვს. ყველაზე ახლო მდგომ პარტიად ის გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა დაასახელა. 2,5-ჯერ ნაკლები (9%) შედეგი აქვს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას". დაბალი მაჩვენებლის გამო, NDI-ის სხვა პარტიები შედეგებში გამოყოფილი არ აქვს.





"გადაუწყვეტელ" მოქალაქეებს შორის ყველაზე დიდი წილი 18-დან 34 წლამდე ადამიანებზე მოდის. ამ ასაკობრივ ჯგუფში "ქართულ ოცნებას" 18-პროცენტიანი შედეგი აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 10-პროცენტიანი.





ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შემთხვევაში ნეგატიური დამოკიდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18-დან 34 წლამდე მოქალაქეებზე მოდის.

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა NDI-ის დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა CRRC-საქართველომ ჩაატარა.


Print