პოლიტიკა
ბორჯომის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ უკვე გამოსცა. დოკუმენტს ხელს აწერს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოწვეულ იქნას 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე“, – წერია განკარგულებაში.

ახალმოწვეული საკრებულოს შეკრებისთანავე ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება უწყდება.
ბორჯომის ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოში 28 დეპუტატია. ახალი მოწვევის საკრებულო კი 33 დეპუტატით დაკომპლექტდება.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის თარიღს. კონკრეტულად, საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლი ამბობს, რომ საკრებულოების პირველი სხდომები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოიწვიოს, შედეგები კი ცესკო-მ 13 ნოემბერს შეაჯამა.
Print