პოლიტიკა
როდის ჩატარდება ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები
ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტების ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომების ჩატარების თარიღს მომდევნო კვირას დაასახელებს.
როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, სავარაუდოდ, ცესკო მაქსიმალურ, 30-დღიან ვადას საკრებულოების პირველი სხდომების ჩატარებისთვის არ გამოიყენებს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბერს შეაჯამა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური და ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საკრებულოების სხდომების მოწვევის თარიღს, საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლში ცალსახად წერია, რომ შედეგების შეჯამებიდან 1 თვის ვადაში ცესკო იწვევს საკრებულოების პირველ სხდომას. შესაბამისად, 13 ნოემბრის შემდეგ აითვლება 1-თვიანი ვადა. თუმცა, საორიენტაციოდ, ცესკოში სხდომა გაიმართება 22-28 ნოემბრის კვირაში, სადაც განისაზღვრება საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის თარიღი."

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცესკოს მოუწოდებენ, დაუყონებლივ მოიწვიოს ახლად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომა, რათა მუშაობას შეუდგნენ, მათ შორის ბიუჯეტის განხილვას და დამტკიცებას. ამასთან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოების ძველმა შემადგენლობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო და დაჩქარებული წესით მიღებას აპირებენ.
Print