,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს"-რატი ბრეგაძე
სააკაშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში
გააკეთებს განმარტებებს,
ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული
ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას, – ამის შესახებ საქართველოს
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
„პატიმარ სააკაშვილთან და მის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან
დაკავშირებით, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან
გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და მკაფიოდ განვმარტო,
რა პირობებში იხდის სასჯელს მსჯავრდებული. პირველ რიგში, სრული
პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და
პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არც ერთი
შემთხვევა, რომ რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და
პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო.
მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული.
ამასთანავე, მსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, რომ
სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობის შეფასებისა და მისი მოსალოდნელი
გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრებული
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18
სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის
ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც ბევრად მაღალია“, – განაცხადა
ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას სრული
ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია, რათა სახელმწიფომ
უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთლობის მდგომარეობის
ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის
რეაბილიტაცია.
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს,
პირველ რიგში, პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და
უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში კი,
ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე არის დაცული.
ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციული ხასიათის
ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ეს არის ძალიან მავნებელი და
აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პატიმარს შიმშილობის შეწყვეტისკენ“, –
განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესს, საზღვრის
უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ადვოკატის შეფასებით, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი
ბრალდება და ხვალინდელი პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ
პროპაგანდისტულ მიზნებს.
როგორც ბექა ბასილაიამ მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის
სასამართლო პროცესზე დასწრების ეშინიათ და სავარაუდოდ, ხვალაც
ეცდებიან მიზეზად კვლავ „სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიტანონ“.
ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლების დისკურსია, მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდეს, რომ
საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს.